პროკურატურის განცხადებიდან 10 დღეში მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. უწყებაში დეტალებს არ განმარტავენ და ამბობენ, რომ ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები.
მაკო გომურის დაზარალებულად აღიარებისთვის სახელმწიფოს 5 თვე დასჭირდა. გავრილოვის ღამის 19 წლის მსხვერპლისთვის, რომლის მხედველობაც რეზინის ტყვიას შეეწირა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. გომური დარწმუნებულია, რომ მიზეზი მისი და მისი მხარდამჭერების აქტიურობაა, რამაც ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნა.
მაკო გომურთან ერთად დაზარალებულის სტატუსი კიდევ ორ მოქალაქეს მიენიჭა. მათგან განსხვავებით, გამოძიებამ სტატუსის გარეშე დატოვა გიორგი სულაშვილი, რომელმაც ანტისაოკუპაციო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დარბევის შედეგად თვალი დაკარგა. უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლების ინტერესებში საკუთარი რეპუტაციის გადარჩენა და სამართალდამცველების მხრიდან რაც შეიძლება ნაკლები დაზარალებულის გამოვლენაა.
ამჟამად 20-21 ივნისის საქმეს 67 დაზარალებული პოლიციელი და მხოლოდ 7 დაზარალებული მოქალაქე ყავს.